როდის გჭირდებათ პატენტრწმუნებული?

საქართველოს საპატენტო უწყებაში (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში – “საქპატენტი”) განაცხადის შეტანა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით ან პატენტის მოსაპოვებლად (გამოგონებაზე ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტზე), როგორც წესი, შესაძლებელია პირადად, როდესაც პირი საქართველოს რეზიდენტია.

მიუხედავად ამისა, არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, რის გამოც სასურველია მიმართოთ პატენტრწმუნებულს დახმარებისთვის:

  • განაცხადის მასალები ქმნიან სამართლებრივ საფუძველს შემდგომი პროცედურებისთვის, რომელთა გავლა აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილი უფლების მოსაპოვებლად. განაცხადის შეტანის ეტაპზე დაშვებული შეცდომები სამომავლოდ შეიძლება ვეღარ აღმოიფხვრას ან ამან დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს. მაგალითად: გამოგონების შემთხვევაში, შეიძლება გამოგონების განხორციელების სიცხადე მასალებიდან არასაკმარისად გამომდინარეობდეს, ანდა სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში, ნიშანი საკმარისად არ იყოს აღწერილი ან არასასურველი/არადაცვადი ფორმის მქონე ნიშნის დაცვა იყოს მოთხოვნილი.
  • საპატენტო უწყებასთან ურთიერთობის დროს, მაგალითად, გამოგონების პატენტუნარიანობაზე ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში გამოცდილების ქონას, კერძოდ, იმის ცოდნას თუ კონკრეტულ შემთხვევაში რისი მიღწევაა შესაძლებელი და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციის უნარისა და სპეციფიკური ცოდნის ქონას. პატენტრწმუნებულის კონსულტაციის გარეშე "საქპატენტში" განაცხადის შეტანისას განმცხადებელი შესაძლოა აღმოჩნდეს მაგალითად, ამგვარ სიტუაციაში: ა) გამოგონებას უარი ეთქვა დაცვაზე, ვინაიდან გამოგონება ახლოსაა არსებული ტექნიკის დონესთან და, შესაბამისად, არ სრულდება პატენტუნარიანობის კრიტერიუმი; ბ) სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში, "საქპატენტმა" უარი უთხრა განმცხადებელს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ნიშნის არასაკმარისი განმასხვავებელუნარიანობის გამო.
  • საპატენტო უწყების პროცედურები ძალზედ კომპლექსური და რთულია, მოითხოვს სპეციალური კანონებისა და ინსტრუქციების ცოდნას.
  • თუ განაცხადის მასალებში მოთხოვნები არ არის სწორად ფორმულირებული (მაგალითად, გამოგონების შემთხვევაში გამოგონების ფორმულა, სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში აღწერილობა და საქონლის/მომსახურების კლასთა ზუსტი ჩამონათვალი), მოპოვებული უფლება ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ ობიექტზე შესაძლოა არაფრის მომცემი გახდეს.
  • პატენტრწმუნებულის მიერ წინასწარ ჩატარებული ძიება/შეფასება/ანალიზი და კონსულტაცია გამორიცხავს ისეთი განაცხადის შეტანას, რომელზეც უარის მიღება საპატენტო უწყებიდან გარდაუვალია და რაც მხოლოდ განაცხადის შეტანისათვის საფასურის ტყუილად გადახდასა და სხვა დამატებით ხარჯებს გამოიწვევდა.
  • საერთაშორისო/რეგიონალური პატენტის ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოპოვებისათვის და შესაბამისი სტრატეგიის განსასაზღვრავად საჭიროა სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, აგრეთვე იმის ცოდნა, თუ როდის რა არის შესაძლებელი და რა როგორ მიიღწევა.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი პროდუქციის ან მომსახურების სახელწოდება (ლოგო, ეტიკეტი და ა.შ.) არ არის „საქპატენტში“ რეგისტრირებული, მაშინ შესაძლოა, მესამე პირმა აგიკრძალოთ მისი გამოყენება  საქართველოს ტერიტორიაზე.